საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სამხრეთიდან მას ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთიდან – გარდაბნის, ჩრდილოეთიდან – თიანეთის, ახმეტის და თელავის, აღმოსავლეთიდან კი – გურჯაანის მუნიციპალიტეტები. 1933 წლამდე მუნიციპალიტეტი იწოდებოდა როგორც გარეკახეთის რაიონი. დამოუკიდებელი  სტატუსით სარგებლობს 1930 წლიდან.

ამჟამად მუნიციპალიტეტის ფართობია 1555,63 კმ . მის შემადგენლობაში შედის ერთი ქალაქი (ქალაქი საგარეჯო რაიონის ჩამოყალიბებიდან მისი ადმინისტრაციული ცენტრია, თუმცა ქალაქის სტატუსი მას 1962 წელს მიენიჭა) და 42 სოფელი (20 სასოფლო საკრებულო).

რელიეფი და გეოლოგიური აგებულება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება, როგორც მთიანი, ისე ვაკე რელიეფი. ჩრდილოეთი ნაწილი უკავია ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთას. ეს ნაწილი დაბალი და საშულომთიანია. იგი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული ნეოგენური-ცივი წყების კონგლომერატებით, ქვიშაქვებით და თიხებით. ალაგ-ალაგ გვხვდება ზედა ცარცული, კარბონატული ნალექები. ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთა შედარებით მოკლე, ციცაბო და დანაწევრებულია მდინარეების მიერ, ეს მდინარეებია: გომბორი, ლაფიანხევი, საგარეჯოსხევი, ჩაილური, მანავი და სხვა. ნეოგენური შრეების ანტიკლინური ნაოჭი აქ ასიმეტრიულია. მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი, შედარებით დამრეცი კალთა, კარგადაა შენახული.
მთლიანად გომბორის ქედი ოროგრაფიულად კავკასიონის მთიან სისტემას მიეკუთვნება და მისი განუყოფელი ნაწილია. იგი წარმოდგენილია კარგად გამოხატული საშუალომთიანი მთა-ხეობათა რელიეფის ტიპით, 1991 მ აბსოლუტური სიმაღლით (მ.ცივი-1991 მ) დიდ სიღრმეზე (500-დან 1000 მ-მდე) დანაწევრებით, დელუვიური რიყნარით ამოვსებული ყუთისებრი ხეობებით, ამონათხარი პენეპლენის ფრაგმენტებით და საკმაოდDმძლავრი მეწყერული პროცესებით.
ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდ. თვალთხევის, ლაფიანხევის, ჩაილურის და საგარეჯოსხევის სათავეებში განვითარებულია ტიპიური ბედლენდური რელიეფი, რომელიც ცივისწყებით აგებული ფლატოვანი ფერდობის ინტენსიური ჩამორეცხვით არის გამოწვეული.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი ივრის ზეგანზეა გაშლილი, რომელიც  ძირითადად აგებულია ნეოგენური და მეოთხეული პერიოდის ნალექი ქანებით: ქვიშაქვებით, კონგლომერატებითა და თიხებით. ხასიათდება ეფექტური ნაოჭებისა (ვიწრო ანტიკლინებისა და ფართო დამრეცი სინკლინების) და გასწვრივი შეცოცებებისა და რღვევების შეხამებით. ზეგანის მორფოლოგიურ სახეს ქმნის ტექტოგენური ფორმები – მონოკლინური და ანტიკლინური მაღლობები (ბორცვიანი და დაბალმთიანი სერები) და ვრცელი სინკლინური ქვაბულები, რომლებიც ამოვსებულია მეოთხეული ფხვიერი ნალექებით. ამ რელიეფზე დაშენებულია ეროზიული ფორმები – ხეობები, ხევები, ხრამები, ტერასები და სხვა.
მდინარე ივრის გასწვრივ საგარეჯოსა და კაჭრეთს შორის გადაჭიმულია ფართო ტექტონიკური დეპრესია, რომელშიც წიწმატიანისა და კაჭრეთის აკუმულაციური ვაკეებია. მათ ერთმანეთისაგან ყოფს მთა საყარაულო (594 მ). ვაკეები არის სამხრეთითაც: უდაბნოს, აჯის და ა.შ. ზეგანზე დაბალი ანტიკლინური სერებია: ნატახტარი, გორი, საქარა, ყარანლიქდარი, თეთრი უდაბნო და იალა-ჯიხი. აქვე გაბნეულია დაბალი მთები: ნატახტარი (967 მ), დემურდაღი (991 მ), ქვაკაცა (861 მ), ტინიანი (764 მ), ნაომარი (972 მ), აქლემის გორა (964 მ) დათვისსერი (583 მ), თეთელი (770 მ) და ა.შ. ბევრ ადგილას განვითარებულია ბედლენდური რელიეფი.   მთავარი წიაღისეული რაიონისთვის არის ნავთობი. ამასთან ერთად რაიონში არის გაჯის ნედლეული.

აგროკლიმატური რესურსები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი არ გამოირჩევა ჰავის დიდი მრავალფეროვნებით, მის ტერიტორიაზე გაბატონებულია ჰავის ორი ძირითადი ტიპი: მუნიციპალიტეტის სამხრეთში ძირითადად ივრის ზეგანისა და გომბორის ქედის მთისწინეთში,  წარმოდგენილია მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილს, ეს ძირითადად ეხება გომბორის ქედს, გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთარით და ხანგრძლივი ზაფხულით.
ჰავის ჩამოყალიბებაზე აქ ძირითადად გავლენას ახდენს რელიეფი. სწორედ ის იწვევს იმ სხვაობებს ტემპერატურებში, რომელიც რაიონში გვხვდება. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით, შედარებით მაღალმთიან ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა +8.1°C-ია. ყველაზე ცივი თვეა იანვარი, -2.6°C საშუალო ტემპერატურით, ყველაზე თბილი კი ივლისი და აგვისტო შესაბამისად +18.3°C და 18.6°C. აბსოლუტური მინიმუმი აქ დაფიქსირებულია იანვარში -13°C -16°C, აბსოლუტური მაქსიმუმი კი აგვისტოში +35°C +37°C.  რაც შეეხება გომბორის ქედის მთისწინეთს, აქ შედარებით უფრო მაღალია საშუალო ტემპერატურა (რა თქმა უნდა სხვაობებს ძირითადად ზღვის დონიდან სიმაღლის კლება იძლევა) +11.0°C, ყველაზე ცივი თვე აქაც არის იანვარი -0.1°C, ხოლო ყველაზე თბილი ივლისი და აგვისტო +22.0°C და +21.8°C, აბსოლუტური მაქსიმუმიც სწორედ აგვისტოში ფიქსირდება +38°C, ხოლო მინიმუმი იანვარში -9°ჩ -12°C.
ივრის ზეგანსაც (მის იმ ნაწილს რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხვდება) ახასიათებს შიდა ტემპერატურული სხვაობები. უფრო ჩრდილოეთ ნაწილის წლიური საშუალო ტემპერატურა +11.9°C-ია, ხოლო უფრო სამხრეთით (სოფელი უდაბნო) კი საშუალო წლიური ტემპერატურა +10.4°C, თუმცა ისე როგორც მთლიანად რაიონის ტერიტორიაზე, აქაც  უცივესი  თვე   იანვარია, შესაბამისად
-0.3°C და -1.1°C საშუალო ტემპერატურებით. რაც შეეხება უთბილეს თვეებს ანალოგიურად იორმუღანლოსთვისაც და უდაბნოსთვისაც ეს არის ივლისი და აგვისტო, იორმუღანლოში +23.5°C, +23.4°C, უდაბნოში +22.2°C. აბსოლუტური მინიმუმი ამ ორი ნაწილისთვის ძირითადად ემთხვევა და ფიქსირდება იანვარში -12°ჩ  -14°C, მაქსიმუმი კი ივლისში და აგვისტოში +37°C  +39°C.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნალექების: რაოდენობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ თანდათან მცირდება.  თუ  გომბორის  ქედზე  ნალექების  წლიური  რაოდენობა
730 მმ-ს შეადგენს, ივრის ზეგანზე (ს.უდაბნო), მისი რაოდენობა 434 მმ-მდე ეცემა. თუმცა კი აღსანიშნავია ერთი გარემოება: ყველაზე ნალექიანი თვე  მთელს ტერიტორიაზე არის მაისი, ხოლო ყველაზე უნალექო იანვარი. ივრის ზეგანზე, იორმუღანლოში წელიწადში 524 მმ ნალექი მოდის, უდაბნოში 434 მმ.   იანვრიდან ნალექების რაოდენობა იმატებს და მაისში აღწევს მაქსიმუმს, შემდეგ კი იწყება კლება. თუმცა ეს კლება გრძელდება აგვისტომდე, რადგან ოქტომბრამდე ნალექების რაოდენობა მატულობს, ხოლო შემდეგ ეცემა და იანვარში მინიმუმს აღწევს. აქედან გამომდინარე მოსული ნალექების წლიური რაოდენობა არ არის საკმარისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა განვითარებისთვის, რის გამოც (განსაკუთრებით ეს ეხება ივრის ზეგანს)  ტერიტორიის დიდი ფრთობი საჭიროებს ხელოვნურ მორწყვას, თანაც არა მარტო წლის გვალვიან პერიოდში.

მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჯამური რადიაცია წელიწადში 120-130 კკალ/სმ – ია. გარდა გარკვეული გამონაკლისებისა რაიონის ჩრდილო ნაწილში, როდესაც იგი 110-120 კკალ/სმ -მდე ეცემა. რადიაციული ბალანსი მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე 50-60 კკალ/სმ -ს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით ეს მაჩვენებელი 40-50 კკალ/სმ -ია.
მუნიციპალიტეტის თითქმის მთელს ტერიტორიაზე, ქარის სიჩქარე საშუალოდ 2,4-3,9 მ/წმ-მდეა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ივრის ზეგანზე შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელია ვიდრე, გომბორის ქედზე და მის მთისწინეთში. რაც შეეხება ძლიერ ქარს (15 მ/წმ-ზე მეტი) წელიწადში ასეთი დღეების რიცხვი არასოდეს არ აღემატება 19-20 დღეს და ეს დღეებიც ძირითადად ზამთრის და გაზაფხულის თვეებზე მოდის.
პირველი ყინვები აღინიშნება 18 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, ბოლო კი 27 მარტიდან 22 აპრილამდე, უყინვო პერიოდი 178-196 დღიდან 212-234 დღემდე გრძელდება. ზოგიერთ წლებში კი 150-დან 238-მდე. ცივ პერიოდში თოვლის საფარი 63%-90%-ით შენარჩუნებულია. ეს არის პერიოდი 21 დეკემბრიდან 18 მარტამდე. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი აქ ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია, ივრის ზეგანზე 3500 – 4000  შეადგენს. მთისწინეთში იგივე მაჩვენებელი 3000 -3500 -ია, ცივ-გომბორის ქედზე კი 2500 -3000 -მდე ეცემა.
ისევე როგორც მთელს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც, სეტყვა ძირითადად გრძელდება 10 წთ-ზე ნაკლებ დროს (შემთხვევების 74%), თუმცა გვხვდება შემთხვევები როდესაც ეს მაჩვენებელი 10-20 წუთს შეადგენს (20%), უიშვიათეს შემთხვევეაში კი 20 წუთზე მეტს (6%). სეტყვა ძირითადად 12 საათიდან 21 საათამდე მოდის (86%), ხოლო დანარჩენ დროს ასეთი შემთხვევები იშვიათია (14%).

სეტყვიანი დღეების საშუალო რიცხვია 4-5; ხოლო მაქსიმუმი – 10 დღე წელიწადში.
შიგა წყლები

მდინარეთა ქსელს მუნიციპალიტეტში ქმნის მდინარე იორი და მისი შენაკადები. მათგან გამოსარჩევია მარცხენა შენაკადები: ვაშლიანი, გომბორი, ლაფიანხევი, კალოთხევი, თვალთხევი, ჩაილური და ა.შ.  აღსანიშნავია რომ მუდმივწყლიანი მხოლოდ ვაშლიანი და გომბორია, დანარჩენები კი – დროებითი მდინარეებია. ლაფიანხევი (წყალდიდობისას მოაქვს ბევრი ტალახი და რიყნარი მასალა) და თვალთხევი სელური თვისებისაა. აქ წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია. იგი უკავშირდება ძლიერ წვიმებს და მთებში თოვლის დნობას.  მდ. ივრიდან გაყვანილია სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი.
ივრის ზეგანზე ბევრი პატარა ტბაა: ქაჩალტბა, სახარე ტბა, კუპატაძის ტბა, ჯიქურების ტბა და ა.შ. აღსანიშნავია რომ ყველა მათგანი მლაშეა და შეიცავს დიდ რაოდენობით გლაუბერის მარილს. ტბებიდან ზოგიერთი ზაფხულში შრება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება ასევე მლაშე წყაროებიც.
კლიმატური პირობების შესაბამისად ჰიდროგრაფიული ქსელი მეჩხერია. მას ქმნის, როგორც უკვე აღინიშნა უმთავრესად პერიოდული მდინარეები, რომელთათვისაც ნიშანდობლივია არამუდმივი ჩამონადენი, ისინი მხოლოდ უხვი ატმოსფერული ნალექებისა და თოვლის დნობის დროს ივსებიან წყლით და რამდენადაც წვიმებს აქ ხშირად თავსხმის ხასიათი აქვთ, ეს მდინარეები უეცარი წყალმოვარდნით ხასიათდებიან.
მუნიციპალიტეტის მთავარი სამდინარო არტერია, როგორც ავღნიშნეთ მდინარე იორია. იგი სათავეს იღებს ბორბალოს მთიდან და ასე მიემართება სამხრეთისაკენ სოფელ სართიჭალასთან მკვეთრად უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და ასე კვეთავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. სოფელ პალდოსთან, მდინარეზე მოწყობილია წყალსაცავი. მდ.იორს ახასიათებს წყალმოვარდნა რაც ხშირად აზიანებს ნათესებს. თუმცა კი წლის განმავლობაში უფრო ხშირად მდ.იორი წყალმეჩხერობით ხასიათდება, რადგან მისი წყალი სარწყავად გამოიყენება. ამასთან მდინარის წყლის დონეს არეგულირებენ სიონის (საიდანაც წყალი თბილისის ზღვაში ჩაედინება) და პალდოს წყალსაცავები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყაზანიანის მთასთან აშენებულია ქვემო სამგორის მაგისტრალური არხების (მარცხენა და მარჯვენა მაგისტრალური არხები) სათავე ნაგებობები. ეს არხები გათვალისწინებული იყო 43000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად.

ნიადაგები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ნიადაგების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი  ტერიტორია  სხვადასხვა ნიადაგურ ქვეოლქებს, ზონებს და რაიონებს მიეკუთვნება. თუმცა მთლიანად შედის აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგურ ოლქში. რაც შეეხება ქვეოლქებს მუნიციპალიტეტის ნიადაგები ორ ქვეოლქშია გადანაწილებული: მთათაშორისი დაბლობების და ზეგნების ქვეოლქსა და კავკასიონის ქვეოლქებში.
მუნიციპალიტეტის სამხრეთი ტერიტორიის ნიადაგები ერთიანდებიან გარეკახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილის წაბლა, დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგების რაიონში, ან გარეკახეთის ველიანი ზეგნის შავმიწა ნიადაგების რაიონში (ძირითადი ნაწილი), რომლებიც თავის მხრივ მიეკუთვნებიან უდაბნო-ველებისა და  ველების ნიადაგების ზონას და ერთიანდებიან მთათაშორისი დაბლობების და ზეგნების ქვეოლქში.
გომბორის ქედის მთისწინეთის ნიადაგები ერთიანდებიან ცივ-გომბორის ქედის მთისწინების ტყის ყავისფერი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების რაიონში, რომელიც თავის მხრივ Mმთისწინების გარდამავალი ტყე-ველის და ტყის ნიადაგების ზონას და კავკასიონის ქვეოლქს მიეკუთვნება. ამავე ქვეოლქში ერთიანდება ასევე, მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კახეთის და ცივ-გომბორის ქედების საშუალო მთიანი ზონის ტყის ყავისფერი, ნეშომპალა-კარბონატული, ტყის ყომრალი ნიადაგების რაიონს, რომელშიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილიც ხვდება.
ივრის ზეგანზე დიდი ფართობი უჭირავს შავ-კარბონატულ ნიადაგებს, რომელიც გომბორის ქედის მთისწინეთის აღმოსავლეთითაც არის გავრცელებული. ზეგანის სამხრეთ ნაწილში გავრცელებულია, რუხი ყავისფერი ნიადაგები, შედარებით მცირე რაოდენობით გვხვდება მდელოს შავი-ბიცობიანი და დამლაშებული, მლაშობი და ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგები და ქანების გაშიშვლებები.
ივრის ხეობის ქვედა ნაწილის გასწვრივ გვხვდება ალუვიურ-კარბონატული ნიადაგები. გომბორის ქედზე გამოხატულია ნიადაგსაფარის სიმაღლებრივი ზონალურობა: მთისწინეთსა და ქვემო კალთებზე განვითარებულია ყავისფერ-კარბონატული, ნეშომპალა-კარბონატული და ყავისფერი ნიადაგები, რომელიც ქედის შედარებით ზემო კალთებზეც ვრცელდება ყავისფერ-გამოტუტულ, ყომრალ-მჟავე, ყომრალ-სუსტად არამაძღარ და ნეშომპალა-კარბონატულ, დეგრადირებულ ნიადაგებთან ერთად.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გავრცელებული ნიადაგებია  :
შავმიწა ნიადაგები: 1. შავი  2. შავი-კარბონატული.  ეს არის ველის ტიპის ნიადაგების ყველაზე დამახასიათებელი სახე. გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. გამოიყენება ძირითადად მარცვლეული კულტურებისთვის. ამ ნიადაგებზე ასევე გავრცელებულია ბოსტნეული და კარტოფილი. მორწყვის პირობებში ხელსაყრელია ვენახებისთვის.
ყავისფერი ნიადაგები: 1. ყავისფერი  2. ყავისფერი-გამოტუტული
3.  ყავისფერი-კარბონატული. მთისწინეთის, ველის და ყომრალ ნიადაგებს შორის გარდამავალი სახე. ახასიათებს მაღალი ნაყოფიერება, ამ ნიადაგებზე კარგად ხარობს: ვაზი, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები. მევენახეობისთვის ასეთ ნიადაგურ პირობებში უმჯობესია მორწყვა.
ალუვიური ნიადაგები:   1.  ალუვიურ-კარბონატული.   გვხვდება    მდინარეთა ხეობებში. იგი გამოიყენება, როგორც ხეხილის და ვენახებისთვის, ასევე ბაღჩეული კულტურებისთვის.
ყომრალი ნიადაგები:  1.  ყომრალი მჟავე  2. ყომრალი სუსტად არამაძღარი. უკავია ჰიფსომეტრულად შედარებით უფრო მაღლა მდებარე ტერიტორიები. უდიდესი ნაწილი დაფარულია ტყით. მართალია მისი გამოყენება ხელსაყრელია ვენახის გასაშენებლად, მაგრამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეს ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან ამ ნიადაგების ნაწილი დაფარულია ტყით და გავრცელებულია მთიან ტერიტორიებზე, რომლის დატერასების შემთხვევაში შესაძლებელია ვენახის გაშენება.
რუხი-ყავისფერი ნიადაგები: ნახევრადუდაბნოს ტიპის ნიადაგები. ხანგძლივი მორწყვის პირობებში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, მაგრამ საგარეჯოს რაიონში ის ტერიტორიები სადაც ეს ნიადაგებია გავრცელებული, ძირითადად საზამთრო საძოვრებითაა დაკავებული.
ნეშომპალა-კარბონატული: საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეს ნიადაგი გვხვდება მთა-ტყეთა ზონაში და წარმოადგენს ტყე-ველის გარდამავალ ნიადაგს. ასეთ ნიადაგებს დიდი გამოყენება აქვს ვენახების გაშენებისთვის, რადგან ვაზისისთვის ერთერთი კარგი ბუნებრივი პირობაა.
მდელოს შავი-ბიცობიანი და დამლაშებული, დამლაშებული ნიადაგები: დამახასიათებელია ნახევრადუდაბნოსა და მშრალი ველის ტიპის ნიადაგებისთვის. პატარა ადგილი უკავია შავი ნიადაგების გავრცელების ზონაში. ეს ნიადაგები უვარგისია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე გვხვდება: ნეშომპალა-კარბონატული დეგრადირებული, ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგები და ქანების გაშიშვლებები, რომლებიც არ გამოიდგება სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

მცენარეული საფარი

მცენარეული საფარი სასოფლო-სამეურნეო განვითარების შესაძლებლობის და პროდუქტიულობის ინდიკატორიც არის. მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება ასახულია მცენარეულ საფარის შემადგენლობაზე, გავრცელებასა და განვითარებაზე. დარაიონების მიხედვით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მცენარეულობა მიეკუთვნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ოლქს. (ვ.ნ.გულისაშვილი, 1956)
ვერტიკალური ზონალობის მიხედვით რაიონის ტერიტორიის ფარგლებში გამოყოფილია ოლქის შემდეგი სარტყლები:
1.    ზ.დ-დან 400 მ-მდე _ სტეპებისა და ტყესტეპების
2.    400-600 მ          _ ნათელი ანუ არიდული მეჩხერი ტყეების სარტყელი
3.    600-1000 მ         _ ქართული მუხის სარტყელი
4.    1000-1900 მ        _ წიფლნარი ტყეები
5.    1900 მ-ზე ზევით    _ სუბალპური მდელოს და მეჩხერი ტყეების სარტყელი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მცენარეული საფარით მდიდარი და მრავალფეროვანია, ივრის ზეგანზე გავრცელებულია უროიანი და ვაციწვერიანი სტეპი, დიდ ფართობზეა ჯაგეკლიანი სტეპის ფრაგმენტები. ივრისპირეთში შემორჩენილია ჭალის ტყე, ჭალის ვერხვით, ჭალის მუხით, თელით, წნორით და ა.შ.
მუნიციპალიტეტში იშვიათია ქსეროფიტები, გომბორის ქედის მთისწინეთში არის მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანი სტეპი, მთის ქვემო კალთები დაფარულია მუხნარ-რცხილნარით, ზემო ნაწილში წიფლნარით, რომელსაც ურევია ნეკერჩხალი, რცხილა და სხვა. ქედის სამხრეთ ექსპოზიციის კალთებზე აქა-იქ არის მთის ფიჭვნარი, მას ვრცელი ტერიტორია უკავია მარიამჯვარის ნაკრძალში (1033 ჰა). ასევე რაიონში არის ჭალის ტყის ივრის ნაკრძალიც. გომბორის ქედის მაღალ ადგილებში გავრცელებულია მეორადი სუბალპური მდელოები. ზემოთ აღნიშნული სტეპებისა და ტყესტეპების მცენარეულობა გამოიყენება საზამთრო საძოვრებისა და სათიბების სახით, ხოლო სუბალპური მდელოები კი საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენენ.

About these ads

About გეოგრაფია...

:)
This entry was posted in საქართველო/Georgia, Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s